რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმების რესურსი არ ჩანს – ბაქრაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მხარეების პოზიციებს შორის ფუნდამენტური სხვაობაა და „შეთანხმების რესურსი არ ჩანს“. ოპოზიციის კიდევ ორ სხვა მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, რომელიც საარჩევნო სისტემისა და გარემოს ცვლილებას უკავშირდება, არის „გარკვეული კომპრომისული წინადადებები“.

„დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, ამიტომ პატივს ვცემ ამ თხოვნას და „ქართული ოცნების“ პოზიციებს არ გავახმოვანებ, „ოცნებამ“ თავად ილაპარაკოს თავის პოზიციებზე, მაგრამ შემიძლია გავახმოვანო ის, რაც არის ჩვენი პოზიცია და რაც ეხება მოლაპარაკების ძირითად მიმდინარეობას, მოლაპარაკებაზე არის 4 ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის და რაზეც მიდის საუბარი, პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მეორე ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, მესამე ეს არის საარჩევნოო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვილილებები, როემლიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას.

პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს, შემიძლია გითხრათ ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ ამის გარეშე ჩვენ არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას.

მესამე საკითხზე, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო. შეთანხმება არ არის, მაგრამ რაღაც გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ ცვლის ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხს. რაც შეეხება მეოთხე საკითხს – საარჩევნო გარემოს, აქ არსებობს გარკვეული საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური შინაარსის, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად, როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება და როგორ იქნეს ხმები დაცული“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, სადაც მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან, მაგალითად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში.

„თუ შევაჯამებთ ყველაფერს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის, საარჩევნო გარემოსა და სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს და შესაძლოა, რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს“, – ამბობს ბაქრაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile