ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა - გახარია

პუბლიკა

„ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, ამ პროცესში პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ჩვენ ამასთან ერთად, ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ, ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ადაპტაციას ვეძახით.

ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს. ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვუმკურნალოთ მოქალაქეებს, როგორ გამოვიძიოთ და მივაკვლიოთ პირველწყაროს და ეს უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე მოვედით წარმატებულად, თუმცა ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8-ით გაიზარდა და 851 გახდა. გამოჯანმრთელებულია 702 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს  საქართველოში 10 პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება.