ვის არ მოეთხოვება პირბადის გამოყენება ტრანსპორტსა და დახურულ საჯარო სივრცეში

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი დადგენილებით, პირბადის ტარების წესი დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირბადის გამოყენება აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეში, ასევე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუმცა აღნიშნული დადგენილება აწესებს საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:

ა) თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;

ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება  შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს);

გ) 6 წლამდე ასაკის ბავშვს;

დ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;

ე) მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას;

ვ) პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).

ამასთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას.