პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გელათთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თეა წულუკიანს ამ საკითხში და კიდევ ბევრ სხვა საკითხშიც აქვს მისი პირადი და პარლამენტის სრული ნდობა.
მან თქვა, რომ თავად იყო კულტურის კომიტეტის წევრი, როდესაც ამ კომიტეტს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა და იცის, რა გააკეთა მან გელათისთვის.
„დიახ, მისი [წულუკიანის] პირადი ჩაძიებისა და კვლევის შედეგია ის, რომ ბევრი რაღაც გაირკვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევები წარმოებდა, სამწუხაროდ, ამ ძეგლზე. ამიტომ მე ქალბატონ ანას [ნაცვლიშვილი] ერთ რამეს ვეტყვი – თუკი მას გულწრფელად შესტკივა გული გელათზე, მას არ ჰყავს იმაზე კარგი მოკავშირე, ვიდრე ეს არის ქალბატონო თეა წულუკიანი.
როდესაც მართლა ყველა დუმდა, ქალბატონი თეა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამაზე ხმა ამოიღო, ჩაეძია, გამოიკვლია, დოკუმენტურად დაადასტურა გარკვეული საკითხები. ის არის ახლა მინისტრი და ამ პოზიციიდან არის დაკავებული ამ საკითხით. ყველას, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული გელათზე, იცოდნენ, რომ მათი ყველაზე კარგი მოკავშირე არის თეა წულუკიანი“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ საქართველოს პარლამენის პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გელათის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კულტურის მინისტრი არაფერს აკეთებს, რომ გელათის ნგრევა შეჩერდეს.