სომხეთში მიმდინარე პროცესებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოეხმაურა. ალიევის თქმით, სომხური არმია აღარ არსებობს და არც უნდა იარსებოს. ხოლო თუ ვინმეს რევანშისტული აზრები ექნება, ის „პირველი მიიღებს მუშტს“.
„რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათი მოკავშირეები სომხური არმიის მოდერნიზებას გეგმავენ. რატომ? ვის წინააღმდეგ? ომი დასრულებულია“, – ციტიებს ალიევის სიტყვებს რუსული მედია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ომის შემდეგ დაიმსხვრა მითი, თითქოს სომხური საზოგადოება ერთსულოვანი იყო და ერთი მიზნის გარშემო იყვნენ გაერთიანებულნი. ომის შემდეგ კი მარცხს ყველა ერთმანეთს აბრალებს და ქვეყანა კრიზისში ჩაეფლო, ხოლო აზერბაიჯანი ამ დროს განვითარებას განაგრძობს. „ჩვენ არასდროს მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ დაგვემუქრონ, საფრთხე შეუქმნან გათავისუფლებულ მიწაზე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – თქვა ალიევმა.
სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავაშოღლუც. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩავაშოღლუმ დაგმო გენშტაბის მოქმედება და განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალება მათთვის მიუღებელია, სადაც არ უნდა ხდებოდეს ის.
სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა რუსეთის ხელისუფლებაც და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესები სომხეთის შიდა საკითხია.
მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს სომხეთში აშშ-ის საელჩომ. საელჩოს განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას და მოუწოდებს ყველა ძალას სიტუაციის დეესკალაციისკენ.
ერევანში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა. ნიკოლ ფაშინიანის მოწყობილი აქცია დასრულდა და პრემიერმა თავის მომხრეებს სახლებში წასვლისკენ, ხოლო ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
თუმცა მანამდე, სიტყვით გამოსვლისას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ხავერდოვანი პერიოდი“ დასრულდა, რაშიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგულისხმა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მისი სათავეში მოსვლის შემდეგი პერიოდი.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამხედროებს უბრძანებს, შეეგუონ გენშტაბის უფროსისა და მისი პირველი მოადგილის გადაყენებას, დაიცვან ქვეყანა და არ ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში. ხოლო ოპოზიციის მისამართით განაცხადა, რომ „არ გადაკვეთონ წითელი ხაზები“, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ მკაცრი პასუხი იქნება.
ფაშინიანის მოწინააღმდეგეებმა კი ერევნის ცენტრალური გამზირი გადაკეტეს და იქ კარვების დადგმას გეგმავენ. ოპოზიცია გენშტაბის სარდლობას, ვინც დღეს განცხადება გაავრცელა სოლიდარობას უცხადებს და პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებს.
დღეს განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთვნენ და გმობენ ყველას სურვილს, ვისაც სამხედროების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა სურთ.
ოპოზიციურმა პარტიებმა სომხეთის პარლამენტში – ეროვნულ ასამბლეაში საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს. მათი განცხადებით, სომხეთში დღეს განვითარებულ მოვლენებზე დაუყონებლივი რეაგირებაა საჭირო.
დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გენშტაბის სარდლობისთვის არავის დაუვალებია და არც არავის მხრიდან ყოფილა ზეწოლა, მხარი დაეჭირათ პოსტიდან გადაყენებული გენშტაბის უფროსის მოადგილისთვის და მოეთხოვათ პრემიერის თანამდებობიდან წასვლა.
„ეს არის გენერლებისა და ოფიცრების მკაფიო რწმენა და პოზიცია, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ემსახურონ სამშობლოს ხსნას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მკაფიო პოზიციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საპროტესტო აქციების დაწყებამდე ერევნის ცაზე მცირე ხნით სამხედრო თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ.
დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსმა გარეგინ II-მ. მისი თქმით კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას.
თავშეკავებული მოქმედებისკენ მოუწოდეს მოქალაქეებს თავიანთ განცხადებებში სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმაც.