ვისაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით დარეგულირდება სუროგაციის შემთხვევაში უანგარობის პრინციპი.

„ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან – ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს…“, – ამბობს მინისტრი.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ქართველი ქალები სუროგატი დედები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდებიან, მინისტრმა განაცხადა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის დაურეგულირებელი და არის კონკრეტული იმ ადამიანის მოტივაცია დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მაგრამ არ ახლავს ამას თან რეგულაცია და კონტროლი, რამაც უსაფრთხოდ უნდა ჩაატარებინოს პროცედურა, აქედან გამომდინარეა ის, რომ რეგულირდება. იმ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ამის სურვილი აქვს, საქართველოს მოქალაქისთვის ამის გაკეთება ისევ შეეძლება, მაგრამ არ შეეძლება უცხოეთში რეკლამის შემთხვევაში ვზღუდავთ რეკლამას და არ შეეძლება უცხოეთის მოქალაქეებისთვის, არ მინდა, ეს სიტყვა ვიხმარო, თუმცა სერვისის გაწევა“, – თქვა აზარაშვილმა.


მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, რომ სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს.

ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.