ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ქალაქის ცენტრალური პარკის პროექტის განხილვაში - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთონ იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის პროექტის განხილვაში.

„იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აკეთებს. ეს ტერიტორია საჩუქრად ივანიშვილების ოჯახისგან გადმოეცა მუნიციპალიტეტს და ამ პროექტსაც უშუალოდ ახორციელებს ფონდი „ქართუ“.

კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე სამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ჩართულობას, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით.

ერთი შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ეს იქნება მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ, გაერთონ და ა.შ. ასე რომ, ორშაბათიდან ჩვეულებრივად ვუბრუნდები სამუშაოს და ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს. ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ქალაქში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.