ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, კარანტინში გადავიყვანთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, გუშინ გამოკვლეულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. 24 ნიმუშის შესახებ პასუხი კი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

დღევანდელი ინფორმაციით, კარანტინში 119 ადამიანი რჩება.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იტალიიდან დაბრუნებულებზე ორი რეჟიმი ვრცელდება: კარანტინი და თვითიზოლაცია. გამყრელიძის განცხადებით, კარანტინში ის პირები გადაჰყავთ, ვისაც საზღვარზე სიმპტომები აღენიშნება.

„თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს საზღვარზე და ასე იმალება სიმპტომი დროებით. გთხოვთ, ვინც ბდუნებით საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზღვარზე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. ასე ხელს შეუშლით ინფექციის შემდეგომ გავრცელებას“, – აცხადებს გამყრელიძე.

თვითიზოლაცია

გამყრელიძემ ასევე მიმართა მოქალაქეებს, რომლებსაც თვითიზოლაციის რესურსი არ გააჩნიათ.

„თუ რომელიმე მათგანს (განსაკუთრებით იტალიიდან დაბრუნებულს) არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ ეს და მათ გადავიყვანთ კარანტინში. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ინფექციის გავრცელება“, – აცხადებს განყრელიძე.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს, რომ თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან და ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ კომუნიკაცია.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.