ვისაც უნდა ევროპა, შემოგვიერთდეს წამოწყებაში. ვინც არ გვიერთდება, ევროკომისიის წინადადებებზე უარს აცხადებს - პაპუაშვილი

პუბლიკა

„არჩევანი დღეს არის მარტივი, ის, ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, თავისთავად ის ამ ევროკომისიის წინადადებებზე, როგორც ჩანს, რომ უარს აცხადებს. ამიტომ, პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვადები არის განსაზღვრული ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშავოს“,– მის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პაპუაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„​გუშინ ჩვენ საკმაოდ დეტალური გეგმა წარმოვადგინეთ, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, არის გაწერილი და გადანაწილებული, ისე დროში გრაფიკის კუთხით. შინაარსით გარკვეულწილად მთავარი კომისიის რეკომენდაციაშიც მოცემულია. დეტალებს სამუშაო ჯგუფები, რომელიც პარლამენტში შეიქმნება ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობითაც, სხვადასხვა თემების მიხედვით ისინი შეათანხმებენ და საბოლოო ჯამში, პარლამენტი წარდგენილი გრაფიკის მიხედვით საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენას და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელა. საბჭოს დასრულების შემდგომ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას „სათანადო დროში და სათანადო ხარისხით.“