„ვისაუბრეთ ასევე მიხეილ სააკაშვილის შესახებ“ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, აუდიენციის შემდეგ კი მათ მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

პოლონელი მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციასთან ერთად ისაუბრეს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. როდესაც საქმე ეხება ამ საკითხს, პოლონეთი ცდილობს, მოძებნოს კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება“, – თქვა მან.

ზბიგნევ რაუს განცხადება პირდაპირ ეთერში პოლონურ ენაზე, თარგმანის გარეშე გადაიცა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა „პუბლიკას“ აღნიშნული თარგმანი მიაწოდა:

„დიდი მადლობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინიტრს, ილია დარჩიაშვილს სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში, სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო.

პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზბიგნევ რაუ საქართველოში 26 აპრილს ჩამოვიდა და ვიზიტი 28 აპრილამდე გაგრძელდება. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.