ვითარება რაჭაში | სტიქიის ზონაში დილიდან სამუშაოები განახლდა

პუბლიკა

გუშინ რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის 12 სოფელი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარეებმა გარე სამყაროს მოწყვიტა 2 000-მდე მოსახლე. დაზიანებულია ხიდები და გზები.

„დილიდან განახლებულია სამუშაოები როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ისე სამაშველო სამუშაოების კუთხით. გუშინ 60-ზე მეტი მოსახლე იქნა გადმოყვანილი. დღესაც და შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება ეს პროცესი, ვისაც კი სურვილი ექნება და აუცილებლობა გამოყვანილი იყვნენ სოფლებიდან და საკურორტო ზონებიდან, ყველა დაკმაყოფილდება”, –  ამბობს „მთავარ არხთან“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 3 ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები.

„საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გადამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა”, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. პრემიერი აპირებს, ადგილზე გაეცნოს დაზიანებულ სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას. ის ასევე ადგილზე გამართავს  საგანგებო შტაბის სხდომას.