„ვივამედის" კლინიკური დირექტორი სააკაშვილის კვებაზე გუშინდელ კომენტარს განმარტავს

პუბლიკა

„ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურა ჩხაიძე განმარტავს მისსავე გუშინდელ განცხადებას, რომ „სააკაშვილი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, სასურველ დღეებში. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, ალბათ უფრო – არ”.

„გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ ადამიანი იკვებება არასრულფასოვნად, აქ საუბარი არაა შიმშილობაზე (შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული). ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ პაციენტი იკვებება არასრულფასოვნად. ისიც, მცირე ულუფებით. და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება…

…ვერ იკვებება ადამიანი, თუ არ იკვებება, ეს „არ” შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებებთან, ამაზეა საუბარი, ძირითადი დაავადება არის, რა თქმა უნდა, გამომწვევი იმისა, რომ არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება.

… ის, რაც ნუტრიციოლოგების მიერ არის რეკომენდებული, გარკვეული ულუფები, იმას პაციენტი არ იღებს. იღებს მისთვის სასურველ საკვებს, ასევე სასურველ დღეს…  შეიძლება, ხშირ შემთხვევაში „ვერ და არ”. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამას შეგნებულად აკეთებს, ეს დიდი ალბათობით უკავშირდება მის ძირითად დაავადებას და აქედან გამომდინარეა ეს, და ნუ ეძებთ სენსაციებს”, – განაცხადა ჩხაიძემ.