ვხედავდით შეტევებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე - პაპუაშვილი მეუფე შიოზე

პუბლიკა

„ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტს.

მისი თქმით, ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში – ადამიანს ჯერ სიტყვით კლავდნენ, შემდეგ კი საქმით.

„რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტია, თუკი ასეთი მცდელობა იყო. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არის ეჭვები  და დადასტურებულად არაფერი არ არის. სამწუხაროა, რასაც ვისმენთ და შოკისმომგვრელია. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე. აი, ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომლებიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში. ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით. მე იმედი მაქვს, რომ არ დადასტურდება, რომ იყო რაიმე განზრახ ქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი

შეკითხვაზე, თუ ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს და იყო თუ არა ეს ოპოზიცია, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დაკონკრეტებას არ აპირებს, რადგან ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია.

„არ დავაკონკრეტებ, იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიჰქონდა შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ჩვენს ისტორიაში ეს პირველად არ ხდება… ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ”, – ამბობს პაპუაშვილი.


„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, დაზუსტებით სხვა რაიმეს თქმა დღესათვის რთულია“,- განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო შეუძლოდ იყო, რის გამოც გაიკეთა ანალიზები და სწორედ ამ ანალიზემბა აჩვენა მძიმე მეტალების შემცველობა. მისივე თქმით, მეუფე შიოს ქვეყანა არ დაუტოვებია, საქართველოშია და სახლში იმყოფება.

6 ივლისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, მისი წყაროების ინფორმაციით, მეუფე შიო მოწამლეს.