საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, დაადოს ვეტო ცესკოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
„დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად,“ – თქვა პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე.
პარტიაში ამბობენ, რომ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები ერთადერთი დემოკრატიული გზაა, გადარჩეს ქვეყნის ევროპული მომავალი.
„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად. ასევე მივმართავთ სტრატეგიულ პარტნიორებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას, ყველა ძალისხმევა მიმართონ არჩევნების დაცვისკენ“, – თქვეს ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა.
საპარლამენტო უმრავლესობას ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილების ინიციატივა აქვს.
მომზადებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ის იქნება უფლებამოსილი, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს საკონკურსო კომისია, რომელშიც პრეზიდენტის 1 წარმომადგენელიც შევა.
ასევე, შეიცვლება კანდიდატთა მხარდასაჭერად საჭირო ხმათა რაოდენობა და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში ისინი 5 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.