ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე, რომ დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ხუდონჰესის პროექტის მოდიფიკაციაზე მუშაობს, სურთ, მოიძებნოს გზა, რომ „თუ ეს პროექტი, განხორციელდება, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი”.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. ჩვენთვის ყველასთვის იყო მგრძნობიარე საკითხი, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან  მძიმე იქნებოდა. ამიტომ ჩემი დავალებით ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომ ისე აშენდეს, ეს პროექტი თუ განხორციელდება, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი.

შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ექსპერტები გვეუბნებიან, რომ შესაძლოა გამომუშავება თითქმის შეიძლება იგივე იყოს. თუ ეს მოხდება, ეს იქნება ძალიან სასიხარულო”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობას ასევე სურს, რომ წელსვე დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა – „ამის თაობაზე ვმუშაობთ აქტიურად, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე”.