ნიჟარაძე: ვერ დავუშვებთ ხუდონჰესის განხორციელებას, ძალით ხომ არ გაგვასახლებენ?!

პუბლიკა

ხაიშის მცხოვრები და ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი ზურაბ ნიჟარაძე ლევან დავითაშვილის განცხადებას ეხმაურება მომავალი წლიდან ხუდონჰესის პროექტის განახლების შესახებ.

ზურაბ ნიჟარაძე გამოცემა „მთის ამბებთან“ ამბობს, რომ ადგილობრივებმა დაიფიცეს, ხუდონჰესის პროექტი ამ სახით ვერ განხორციელდება და მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ნიჟარაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ჩავიდნენ სვანეთში და ადგილობრივ მოსახლეობას ამ საკითხზე დაელაპარაკონ.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს სულიერებაში და ადგილობრივი მოსახლეობის სიმტკიცეში. ამიტომ, დარწმუნებით ვეუბნებით ბატონ ვიცე-პრემიერს და ნებისმიერ ხელისუფალს, მოვიდნენ, დაგველაპარაკონ და ავუხსნით ყველაფერს, რა და როგორ სჯობს ქვეყნისთვის, ჩვენი კუთხისა და მომავლისთვის.

მოვიდნენ, ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ 9 მთას იქით?! ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და მიუხედავად აქაური მკაცრი კლიმატისა, ვინარჩუნებთ აქაურობას.

მოვიდნენ, დაგველაპარაკონ და ავუხსნით ყველაფერს, რა და როგორ სჯობს. თუ მოვლენ მეგობრებად, დავხვდებით მეგობრებად, თუ მოვლენ მტრებად, რა თქმა უნდა, ჩვენც მტრებად დავხვდებით, მეგობრებად ვერ დავხვდებით ვერანაირად. მტრებად დავხვდებით არ ნიშნავს იმას, რომ ზარბაზანს გამოვაგორებთ და თოფს დავცემთ. უბრალოდ, ჩვენს პრინციპებს დავიცავთ ბოლომდე. ძალით ხომ არ გაგვასახლებენ სახლებიდან?!

ვერანაირად ვერ დავუშვებთ ამ პროექტის განხორციელებას, ეს ცალსახად ვთქვით 2013 წლის 8 მაისს, როცა წმინდა გიორგის ეკლესიაში დავიფიცეთ, რომ ამ პროექტს იმ პარამეტრებით და იმ ადგილას ვერ განვახორციელებინებთ. ადგილობრივი მოსახლეობა და არამარტო ადგილობრივი მოსახლეობა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე დაგვიდგება გვერდში და ამ პროექტს იმ ადგილას არ განვახორციელებინებთ არავის“, – ამბობს ნიჟარაძე „მთის ამბებთან“.

ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში სვანეთის ნაწილს წყალი დაფარავს. ნიჟარაძე ამბობს, რომ წყლის ქვეშ მოექცევა სახლები, 1000-ზე მეტი საფლავი და მოქმედი ეკლესია. მისი თქმით, ეს პროექტი სვანეთის ვრცელ ტერიტორიას უდაბურ ადგილად აქცევს.

„ხუდონჰესის ამ პროექტით აშენების შემთხვევაში ხაიში ხომ საერთოდ გაქრება, სადაც ჩვენ ვდგავართ, აქედან მაქსიმალური სიმაღლის გათვალისწინებით, 70-80 მეტრზე მაღლა იქნება წყლის დონე.

გარდა ამისა, დაბა ჯვრიდან დაწყებული ლახამულამდე, ეს დაახლოებით 70-კილომეტრიანი მონაკვეთია, მოსახლეობა აღარ დარჩება გზის პირას და ყველაფერი გაჩანაგდება გარშემო, სიცოცხლე ჩაკვდება ამ მიდამოებში.

რატომ უნდა გაუდაბურდეს ეს სოფელი? რატომ უნდა გაჩანაგდეს სვანეთი? არ მესმის. მიუღებელია აბსოლუტურად“, – ამბობს ზურაბ ნიჟარაძე.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა,  რომ მთავრობა ხუდონჰესის პროექტის განხორციელების დაწყებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოიწონა შეთანხმება ხუდონჰესის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა.

ასეთი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში.

…ამ პროექტს უახლოეს ხანში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას”, – განაცხადა მინისტრმა.