ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ - მინისტრი

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ხუდონჰესის პროექტის განხორციელების დაწყებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოიწონა შეთანხმება ხუდონჰესის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა.

ასეთი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში.

…ამ პროექტს უახლოეს ხანში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, 13.5 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც მოხდა მორიგება ინვესტორ კომპანიასთან.

„ეს არის ადეკვატური და ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვახერხებთ ეფექტიან კომუნიკაციას მოსახლეობასთან და გვექნება მათი მხარდაჭერაც. იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს პროექტი, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის პროექტი და საქართველოს რესურსების გამოყენებით აშენდება და საბოლოოდ, საქართველოს მოსახლეობა მიიღებს იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც ამ პროექტის განხორციელებით უნდა მივიღოთ”, – განაცხადა მინისტრმა.