ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შიდაპოლიტიკისა და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოში შეიყვანონ ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე.
„ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე ოფრმატში განხილული იყო როგორც საშინო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები.
როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბარტონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილულ იქნა როგორც ერთ, ისე მეორე შეხვედრაზე.
რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, მოგეხსენებათ, წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონ ირაკლი კირცხალიას – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ბატონი ზურაბ პატარაძის – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტსაბჭოში შეყვანის თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები გაიმართა. სხდომებს ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც, მაგრამ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.