დიდი ლილოს მცხოვრებლებმა ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ადგილზე გადატანისა და საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს, აქციის მონაწილეებმა დღეს გზაც გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მოსახლეობის განცხადებით, ამ მოთხოვნით შესაბამის უწყებებს უკვე 16 წელია მიმართავენ. მათი თქმით, ტერიტორიაზე არსებული გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია გარემოს ჯანმრთელობისთვის საზიანოს ხდის და ადგილობრივებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს.
აქციის მონაწილე ონლაინგამოცემა „მაუწყებელთან“ აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, პასუხისმგებელი პირებისგან გამოხმაურება მათ მიმართვებს, წლებია, არ მოჰყოლია.
„უკვე 16 წელია ვითხოვთ, რომ დაიხუროს ეს ნაგავსაყრელი. 16 წლის განმავლობაში ჩვენ, ჩვენი შვილები და ოჯახის წევრები ვიწამლებით. დღეს გვქონდა მშვიდობიანი შეკრება, უკვე მეორე შეკრებაა ეს.
მიმართული გვაქვს განცხადებებით, ყველა პასუხისმგებელ პირთან გვაქვს მიწერილი, მაგრამ არც ერთი პასუხისმგებელი პირი ჩვენ არ გვხვდება. ის პასუხისმგებელი პირები მხოლოდ ცალკე 20-30 კაცს შეხვდებიან და ელაპარკებიან თითქოს ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, მაგრამ ხალხო, ამდენი მოსახლე ვართ, ამდენი ადამიანი ვართ და ჩვენც შეგვხვდით, ჩვენ გაგვეცით პასუხი.
…მოგვიწია ამ ტერიტორიის გადაკეტვა, მოგვიწია ნაგავსაყრელის გადაკეტვა ამდენი ხნის შემდეგ და ველოდებით რომ უნდა მოვიდეს ვინმე პასუხისმგებელი პირი. 2 საათია ეს პასუხისმგებელი პირები არიან გზაში და სამწუხაროდ ჯერ ვერ მოაღწიეს აქამდე“, – აცხადებს აქციის მონაწილე.
დიდი ლილოს მცხოვრებლები მოითხოვენ, რომ დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი და მის ნაცვლად მოეწყოს ახალი ნაგავსაყრელი, შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
„კალაძემ დაპირება მოგვცა, რომ დაიწყებდნენ ახალი ტერიტორიის მოძიებას, რომელსაც პროექტი როდესაც შედგა ახალი ტერიტორიის მოძიების, ჩვენ უკვე ვიცით რომ საუკეთესო ტერიტორიად ისევ ლილო არის დარჩენილი. რისთვის დაგვჭირდა მაშინ იმ 700 000-იანი ტენდერის ჩატარება, რისთვის იყო საჭირო რომ მოსახლეობისთვის დაემტკიცებინათ, რომ ნაგავსაყრელი აქ უკეთესიაო?!
კალაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ბიუჯეტში უნდა ვჯდებოდეთო. ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიუჯეტში ასე ერთ დღეში ვერ ხდება ცვლილების შეტანა, მაგრამ ერთ დღეში თუ არა, ერთ წელიწადში უნდა მოხდეს და ის დანაპირები, რაც ბატონმა კახი კალაძემ სამი წლის წინ გვითხრა, რომ ახალ ტერიტორიას მოძებნიდა, ეს მხოლოდ ფურცლებზე არ უნდა დარჩეს. ახალი ტერიტორია უნდა იყოს ახალი ტერიტორია და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ იმ ტერიტორიაზე გადატანა“, – ამბობს მოქალაქე „მაუწყებელთან“.