ვმუშაობთ, რათა 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს – GNCC

პუბლიკა

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა 2020 წელს  ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს.

„21-ე საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება  ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოდ, ვინაიდან  5G ინტერნეტი, აუცილებელი  წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G  ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად    აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G  ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ.

ინოვაციური ტექნოლოგიის  დანერგვის პარალელურად, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.  გამომდინარე იქედან, რომ FAKE NEWS -მა  საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, თემაზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

გარდა ამისა, განმარტება ამ თემაზე არაერთხელ აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G  ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე  ზეგავლენას არ ახდენს.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევებით, 5G ტექნოლოგიის გამოყენება, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“, – წერია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ  მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც  COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები, სადაც 5G  ტექნოლოგია უკვე მუშაობს, ყველაზე ეფექტიანად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

„სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინო ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვყენები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში.