ვმუშაობთ სტანდარტზე, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები სასწავლებლებში - გამყრელიძე

პუბლიკა
content image

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას ეხმიანება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საფრთხე არ არის, თუკი მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაბრუნდებიან, თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ვირუსის გავრცელების დინამიკის შესაბამისად.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშავდება გეგმა და პროტოკოლი, როგორ უნდა დაიცვან სასწავლო დაწესებულებებმა კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. შესაძლებელია 15 სექტემბერს, თუმცა მანამდე თვე-ნახევარია, ამიტომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე.

სწავლის დაწყებისას იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილობის გაზრდა ქვეყანაში, როდესაც ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას და, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი – როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, როგორ უნდა დასხდნენ სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა იყოს, ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება დერეფნებში შესვენებებზე…  მცირეწლოვან ბავშვებში არ არის რეკომენდებული პირბადე. ამაზეც მივცემთ რეკომენდაციებს, მუშავდება სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლესებთან და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.