ვნახოთ, ომის პარტიიდან რამდენი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს მხრიდან კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას ეხმაურება და ბრალდებას გაუგონარს უწოდებს. ის ამბობს, რომ საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინ დაეთანხმება სამშობლოს წინააღმდეგ ამაზრზენ ბრალდებას.

„სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს!..“, – წერს მდინარაძე facebook-ზე.


პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, საქართველოს მხრიდან კონტრაბანდული ტექნიკის გატარებაზე აბსურდულს უწოდებს.

ის უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას გია ლორთქიფანიძეს უკავშირებს, რომელიც  საქართველოში წინა ხელისუფლების დროს მაღალჩინოსანი იყო და ახლა უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზეა.