ვოლსკი ყაველაშვილზე: საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც

პუბლიკა

„საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც, იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს თავისი აზრი“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი მიხეილ ყაველაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

„მინდა დავარწმუნო „ნაცმოძრაობა“ თუ ვინმე სხვა, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, რომ [მიხეილ ყაველაშვილი] საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც, იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, მაგრამ ეს ჩვენი გზა არ არის და ჩვენი გაყოფაც ამიტომ მოხდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


დღეს, 8 ივლისს დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაავრცელა წერილი, რომელშიც აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს, რომ „ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით საჯაროდ განხორციელებულ პროვოკაციებს საჯაროდ გაემიჯნოს“.

მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ 28 ივნისს განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებდნენ. მეორე დღეს კი განაცხადეს, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.