ვოლსკის თქმით, გინტურის სიკვდილით სალომე ზურაბიშვილიც გახარებულია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ თამაზ გინტურის სიკვდილით პრეზიდენტიც  გახარებულია და ღირსება არ ჰყოფნის, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, თვალთმაქცური და ყალბი განცხადებები არ აკეთოს.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხის უნდა გამოვიდეს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით, პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც უნდა გაჩუმდეს, ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის, აი ეს ღირსება არ გააჩნია. თვალთმაქცური, ყალბი განცხადებები, ვითომდა მონდომებულია, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის მოგვიანებით პრეზიდენტმაც უპასუხა. სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ქვია ეს კი ყველას გვესმის“.

ვოლსკიმ წინა ხელისუფლების ნაბიჯებზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ოკუპაციაა თვითონ დაშვებული და თვითონ ხაზებია საოკუპაციო გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ“.

მისივე თქმით, „ეს არის საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად გაუკეთა დღეს ნაციონალურ მოძრაობას“.

„რასაკვირველია, ეს აღტკინება ქართველს არასდროს მოაკლდება, რომ სალოცავში მივიდეს, მაგრამ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომლებიც ამ პერიოდში იქმნება და ამ საფრთხეების იგნორირებისკენ მოუწოდებდა სულ რამდენიმე ხნის წინ სრულიად ნაცმოძრაობა საზოგადოებას. აი ეს არის, შედეგი მივიღეთ დღეს, ყოველ დღე მივიღებთ ამ შედეგს თუნდაც იმ გავლებული ხაზებით, ხალხის დაკავებებით და ღმერთმა ნუ ქნას კიდევ მკვლელობით, ღმერთმა ნუ ქნას, რომ კიდევ მოხდეს ეს.

რასაკვირველია ამ თემაზე რეაგირება საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, ამასთან მიმართებაში და საგანგებოდ უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად გაუკეთა დღეს ნაცმოძრაობას და სრულიად შემაძრწუნებელი, გამაოგნებელი განცხადებები გავიგონეთ დილიდან ამასთან დაკავშირებით იმის მაგივრად, რომ სამძიმარი გამოუცხადონ ოჯახს უპირველეს ყოვლისა და დაფიქრდნენ იმ შეცდომებზე, იმ დანაშაულებზე რაც აქვთ ჩადენილი”, – თქვა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა, რომელიც, მისი თქმით იქნება ხმა ევროპისთვის. შეკრების ადგილი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტი, რომელიც გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.