აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა სუს-ის უფროსამ გრიგოლ ლილუაშვილმა.
„მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეუარაღებული ფორმირებები თითქოს და საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან.
ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გავრცელებულ ინფორმაციას, მებრძოლეების გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას.
სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან.
უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – განაცხადა ლილუაშვილმა.