ვშიშობ, გელათის კრამიტის სახურავი მოსახსნელი იქნება – წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, გელათის კომპლექსის ძირითად ტაძარს, დიდი ალბათობით, სახურავს მოხსნიან. წულუკიანის თქმით, ეს იქნება ძალიან რთული მორალურად და ტექნიკურად, თუმცა, სავარაუდოდ, ამისი საჭიროება იქნება.

მისი თქმით, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მომუშავე კომპანიის „იკორთა 2007-ის“ არასწორი სამუშაოებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უყურადღებობით ტაძრის დროებითი გადახურვა აღმოჩნდა „ხუფი“ და პრობლემებს ქმნის. მისივე თქმით, წელს სამხარაულის ბიუროს დასკვნით გამოვლინდა, რომ სარესტავრაციო სამუშაოებს არ შეესაბამებოდა არც გამოყენებული კრამიტი და არც დუღაბი.

თუმცა, თეა წულუკიანის თქმით, ამ დროისთვის უკვე შეცვლილია სახურავზე არსებული მილები, რომლებიდანაც წყალი ესხმებოდა ძეგლის ფასადსა და საძირკველს. ხოლო ექსპერტები თანხმდებიან, რომ რამდენიმე თვეა, გელათში წყალი აღარ ჩაედინება და მიმდინარეობს შრობის პროცესი.

„ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, სანამ არ იქნება დასკვნა და პროექტი, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზეა მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება თავის დროზე მოსახსნელი.

ეს ძალიან დიდი სამუშაოა და როცა მეკითხებით, რა არის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწვევა სამინისტროსა და ჩემთვის, არის სწორედ ეს სახურავი, რომელიც თუ მოსახსნელი იქნება და 90%-ით ეს ასე იქნება, არის უმძიმესი, როგორც მორალურად, ფსიქოლოგიურად, ამას კიდევ აიტანდა კაცი, ასევე უმძიმესი ტექნიკურად. ეს არის ძალიან მძიმე.

აქ დგება ერთი პრობლემა, რომელიც არის დილემა, რასაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად ჩვენთან ერთად სვამენ და მათაც არ აქვთ პასუხი ჯერ, რადგან კვლევები უნდა გაგრძელდეს – შეგვიძლია თუ არა ჩვენ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო ისე, რომ უკვე დაზიანებულმა კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს. იმიტომ, რომ ვიბრაციამ შეიძლება ის დააზიანოს“, – თქვა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის თქმით, აღმოჩნდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში კედლის მხატვრობა რამდენიმე ადგილას სერიოზულადაა დაზიანებული. ამიტომ, ზოგიერთ ადგილას სარესტავრაციო სამუშაოები უცხოელი ექსპერტების მიერ დასკვნის მომზადებამდე დაიწყო, რადგან შესაძლოა მხატვრობა საერთოდ დაკარგულიყო.

„ბოლო დროს სამუშაოები განხორციელდა კედლის მხატვრობის იმ ნაწილებზე, რომლებიც, რომ არა ეს საჭირო ჩარევები, იყო დაღუპული. იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში ან კვირაში ჩამოსცვივდებოდა და არ იყო იმის დრო, ეცადათ, როდის დადებდნენ იტალიელები დასკვნას.

ამიტომ მათი რეკომენდაციითა და მათთან შეთანხმებული ტექნოლოგიით, ბატონი მერაბ ბუჩუკურის ძალიან გამოცდილმა ჯგუფმა, რასაკვირველია, საპატრიარქოს შესაბამის საბჭოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განახორციელა ე.წ. გადარჩენის სამუშაოები და დღეისათვის გადარჩენილია არაერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კედლის მხატვრობის და პირველ რიგში, მაცხოვრის სახე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.