ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი 23 ივინისიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. გახელაძის ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
„ღარიბაშვილი დაგვპირდა თვის ბოლომდე გამოუშვებდნენ ჩემს შვილს, მაგრამ არც მაგან გაამართლა და მაგანაც მოგვატყუა ისევ.
23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს. ჩვენ ესეც ვუთხარით ღარიბაშვილს, რომ თვის ბოლო თუ არა 23-ში დაბადების დღე აქვს, 33 წლის გაიტაცეს და 34 წლის დაბადების დღეს იქ ნუ შეახვედრებთ-მეთქი ჩემს შვილს.
თუ არც ამ თხოვნამ არ გაჭრა და 23-ში სახლში მართლა არ გავჩერდებით, დავგეგმავთ აქცია იქნება, თუ სხვა, მაგრამ სახლში ნამდვილად აღარ გავჩერდებით და ფეხით ჩავალ ცხინვალის ციხეში“, – ამბობს ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური.
ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, მათ პრემიერის, როგორც ქვეყნის პირველი პირის, იმედი ჰქონდათ. თუმცა ზაზას დაბადების დღემდე მისი გაუთავისუფლებლობის შემთხვევაში, აქციებს გამართავენ.
„პრემიერის დაპირება იყო ალბათ ბოლო დაპირება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. მართლა იმედიანად ვიყავით მაგ დროს, ქვეყნის პირველი პირი რომ გეუბნება, რომ გონივრულ ვადას გამოიყენებდა და მაისის ბოლომდე შედეგს დადებდა. მაგრამ რატომღაც არ გამართლდა.
არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ზაზას ტყვეობა. ჩვენ უკვე, სიმბოლურად, 23-ში ვაპირებთ გარეთ გასვლას“, – ამბობს ირმა ბუთხუზი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.
„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.
მას სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავებოდნენ.
27 აპრილს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი საკითხიც, სუსის ინფორმაციით, სწორედ გახელაძის გათავისუფლება იყო. თუმცა, ზაზა გახელაძე ციხეში დარჩა.
28 აპრილს ზაზა გახელაძის ოჯახმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ნაბიჯები არ იყო ქმედითი და აქციები დააანონსა. ამის შემდეგ გახელაძის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეხვდა. ირაკლი ღარიბასვილთან შეხვდრა 8 მაისს გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციამ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერი ოჯახს გახელაძის გასათავისუფლებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. თუმცა, ზაზა გახელაძე, დღემდე ცხინვალის ციხეშია.