გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოშია. მან პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართა.
ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ბერბოკს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შესახვედრად გაემართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიათან კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს რუსული კანონი და რა პროცესები იყო ამ კანონის ინიციირებამდე და ინიციირების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ვიმსახურებთ ამ სტატუსს, უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რათა წლის ბოლოს სტატუსი მივიღოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ასევე გვჭირდება დასავლელი პარტნიორების დახმარება.
ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს ხალხს, რადგან დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება, პირიქით, აფუჭებენ საქმეს. მთავარი, რაც ვთხოვეთ მათ, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ეს სტატუსი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხის ძალიან დიდი სურვილია ეს. ქართველი ხალხი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის“, – თქვა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე დახვდა.