ვტოვებ „ლიტერას“ ჟიურის წევრობას - რეზო თაბუკაშვილი

პუბლიკა

ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჟიურის წევრობას მწერალი რეზო თაბუკაშვილიც ტოვებს. კონკურსი პროტესტის ნიშნად 15-ზე მეტმა ავტორმა დატოვა.

„FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ახლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.

მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.

ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ – ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.

… პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი, “- წერს რეზო თაბუკაშვილი.

კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ.

წერილი გაავრცელეს „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალმა მწერლებმა, დიზაინერებმა და გამომცემლებმა. ისინი მიმართავენ თეა წულუკიანს დაუყოვნებლივ გაიწვიოს სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი.