„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“ - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მეწყერის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას”, – წერია განცხადებაში.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაახლოებით 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.