„ვწუხვართ, რომ ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა" — PACE-მ ახალი რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტს მხარი საბჭოს 89 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 3. საბჭოს 5-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავის შეიკავა.

რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დებატები გაიმართა.

გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ წინა – 2024 წლის იანვრის შემდეგ საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ისინი ასევე ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ მათ სურთ „საქართველოს დელეგაციის ყოფნა ასამბლეაზე, რათა აღნიშნული დებატები მათთან გამართონ“ და გამოთქვამდნენ წუხილს, რომ საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა უარი თქვა ასამბლეაში დაბრუნებაზე.

რეზოლუციაში მითითებულია, რომ ასამბლეის მუშაობაში იმ წევრების ჩართულობა, რომელთა რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია, არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა.

ამავე დროს, საპარლამენტო ასამბლეის თანახმად, „ქართულ ოცნების“ მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა და დემოკრატიული უკუსვლა არ იქნება ხელსაყრელი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისთვის, თუ მათ წარადგენენ ასამბლეის მომავალ სესიაზე.

ასამბლეაში ამჟამად ქართული დელეგაცია არ იმყოფება. რეზოლუციის თანახმად, პროგრესის ნაკლებობა ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებაში, რაც ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, ასევე, დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება არ შეუწყობს ხელს ახალი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუ ისინი წარდგენილი იქნება ასამბლეის მომავალ სესიაზე.

ახალი რეზოლუციით ძალაში რჩება წინა რეზოლუციით გათვალისწინებული მომთხოვნები: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიღებული რეზოლუციით „ქართულ ოცნებას” ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ასევე, „ოცნების” დელეგატებს რეკომენდაციების გათვალისწინებამდე მუშაობა და კომიტეტებზე დასწრება შეუჩერა.

PACE-ს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ ქართულმა ოცნებამ” PACE-ში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, უფლებამოსილების ცნობის მიუხედავად, დათქმები მათთვის იყო „უსამართლო და საფუძველს მოკლებული”, რის გამოც ასამბლეიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.