ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ასამბლეის წევრები PACE-ს იანვრის რეზოლუციის შესრულებასა და ქვეყანაში ახლა არსებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ. იგეგმება ახალი რეზოლუციის კენჭისყრაც.
სიტყვით პირველი პორტუგალიელი პოლიტიკოსი, ედიტ ესტრელა გამოვიდა, რომელიც საქართველოს მონიტორინგის მისიის წევრია.
მისი განცხადებით, 2025 წლის იანვრის შემდეგ, როცა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო და ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა, ქვეყანაში ვითარება გაუარესდა.
„სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ ვითარება არ გამოსწორებულა და პროგრესი არ მიღწეულა ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებაში. პირიქით, უახლესი ამბების და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ცნობების თანახმად, ვითარება გაუარესდა.
იანვარში ასამბლეამ მოითხოვა ხელშესახები ცვლილებები მიმდინარე, აპრილის სესიისთვის.
გამოვთქვამთ ღრმა წუხილს, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეული არ არის და პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა.
ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ასამბლეის მოწოდების შესასრულებლად, დაუყოვნებლივ მოახდინოს ინკლუზიური პროცესი ინიციირება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რათა შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალ, ნამდვილად დემოკრატიულ არჩევნებს.
პირიქით, საარჩევნო კოდექსში მიიღეს ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო ნაკლებად შეუწყობს ხელს დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს.
საკანონმდებლო ცვლილებების ბოროტად გამოყენება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ გრძელდება.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენება ვითარების სათანადოდ გამოკვლევების გარეშე.
პოლიციის ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ შემცირდა, მაგრამ ჯერაც არ არის სათანადოდ გამოძიებული. გრძელდება დაუსჯელობა.
ღრმად შემაშფოთებელელია ცნობები, მათ შორის, სახალხო დამცველისგან, რომ მრავალი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციების გამო და რომ ისინი დაექვემდებარნენ წამებას და არასათანადო მოპყრობას პატიმრობაში.
ეს გაუარესება უნდა დასრულდეს. დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს. ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს”. – განაცხადა ედიტ ესტრელამ.