ვწუხვართ, რომ ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი - „რუსთავი 2"

პუბლიკა

„რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება გუშინ, „ღამის კურიერში” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთმანეთს „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილი და „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ერთმანეთისკენ ფიზიკურადაც გაიწიეს.

ირაკლი იმნაიშვილი წერს, რომ „რუსთავი 2-მა” ვერ უზრუნველყო სტუმრებისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და მაყურებელსა და გადაცემის სტუმრებს ბოდიშს უხდიან. ის ასევე საუბრობს „რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე, გთავაზობთ განცხადებას:

„რუსთავი 2-ისთვის” განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა და დიალოგის პლატფორმის შექმნა.

ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, „ღამის კურიერის” 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი.

ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ „ღამის კურიერის” მთავარი სარედაქციო ფასეულობა – ურთიერთპატივისცემაა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება.

თუმცა, გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. „რუსთავი 2-მა” ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა.

ჩვენს მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს ვუხდით ბოდიშს.

19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება „რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26-წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა. „რუსთავი 2-ის” ისტორია, არის საქართველოს უახლესი ისტორიის სარკე.

სამწუხაროდ, იყო პერიოდი, როცა ტელეკომპანია ღიად ატარებდა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ამ ჯგუფის მხიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ისინი ცდილობენ, გააქრონ „რუსთავი 2″ და ცილი დასწამონ აქ მომუშავე ადამიანებს.

ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.
პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან

ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და „გაეროს განვითარების ფონდის” მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს მოუსმინოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს”, – ნათქვამია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი იმნაიშვილი განცხადებაში.