ვწყვეტ მკურნალობას. შემიზღუდეს მნახველებთან შეხვედრა და ტელევიზორით სარგებლობა - სააკაშვილი

პუბლიკა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები გამოიყენა – მასთან შეზღუდეს მნახველების შესვლა და ასევე ტელევიზორით სარგებლობა. ამის გამო სააკაშვილი ამბობს, რომ უარს აცხადებს მკურნალობაზე და მოითხოვს აღნიშნული ზომების გაუქმებას. მისი წერილი გორის ჰოსპიტალიდან მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გამოიტანა. გთავაზობთ წერილს:

„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევისთვის.

დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების 2 თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. და მათ გამომიცხადეს, – იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს, (თავდაცვის მიზნით, როცა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიპირებდნენ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას), დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვასა და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისთვის და ჩემი მონახულებისთვის, დაახლოებით 4 საათი აცდევინეს ქუჩაში და უკან თბილისში გააბრუნეს.

ასევე არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია.

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ არათუ არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემზე.

ამიტომ მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ ჩემს პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს და არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს, სანამ არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას”, – წერს სააკაშვილი.