წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებს ოპოზიციას და „ოცნებას“ ვთავაზობთ - სიჭინავა

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ მათი თანაგუნდელის არჩევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ.

სიჭინავას თქმით, პარტია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებს სთავაზობენ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე, „ოცნების“ წარმომადგენელს.

მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ დაფუძნების დღიდან მმართველი პარტია აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, „ნაციონალური მოძრაობა კი – „ქართულ ოცნებასთან“, პარტია „საქართველოსთვის“ პრინციპი არის ერთი, რომ ის ეფუძნება მოქალაქეების მოთხოვნებს.

„ორივე პოლიტიკური ძალა კი უკვე თვეებია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იქცევა უპასუხისმგებლოდ, არათანმიმდევრულად. და მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით და მუნიციპალიტეტებში ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რისი შედეგიცაა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოების ამ დრომდე უფუნქციოდ დარჩენა, შესაბამისად, მუნიციპალური კრიზისი და მოქალაქეების მოუგვარებელი პრობლემები.

როდესაც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე, ორივე პარტიის წარმომადგენლებს, როგორც „ოცნების“ წარმომადგენლებს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი და ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურაზე და კომისიების ფორმირების პროცესში უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია; ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.

როდესაც ვამბობთ „ბალანსის პრინციპით“, ვგულისხმობთ იმას, რომ საკრებულოებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს პოზიციები წარმოდგენილი საკრებულოებში, მაგრამ არა ისე, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, პრინციპით, რომ მათ ჰქონდეთ თანამდებობები და არცერთი თანამდებობა არ ჰქინდეს „ქართულ ოცნებას“, იმ ადამიანებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა დაუჭირა მხარი“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავას განცხადებას წერილობით პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას დღეს გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც გახარიას პარტია კვლავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში დაადანაშაულა.

„მათ დადანაშაულება აღარ სჭირდება, კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის რეალური ალიანსია ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კობახიძემ.