წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით,  მინისტრის გიორგი ამილახვრის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე მან არაერთი შეხვედრა ჩაატარა მასწავლებლებთან მათი მოსაზრებების, სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.

„არაერთი საინტერესო იდეა მოვისმინე და ყველა მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებითა და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ.

მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას, სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები.

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისისთვის. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა”, – ამბობს ის.

მისი თქმით, ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში.