„წარმოადგინონ კონკრეტული მასალები“ | მმართველი პარტია უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უკრაინის დაზვერვის განცხადებას ეხმაურებიან.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან  რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გუშინ უკრაინული გამოცემა UNIAN წერდა.

მმართველი პარტიის წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეს განცხადება უსაფუძვლო და არასწორია.

„პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი. ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭრას უკრაინის მიმართ ვერ შეასუსტებს“, – ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი კი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ, თუ ასეთი ინფორმაცია აქვს დაზვერვას, წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია.

„საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდით ავლაზე არ მიმდინარეობს, ასეთი არ განხორციელდება, ასეთი ვერ განხორციელდება. არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც გარკვეული სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არც ერთ ბაზაზე. თუკი რაიმე  დამატებითი ინფორმაცია აქვს დაზვერვას და თუ იმაზე მეტი იცის, ვიდრე მე ვამბობ, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები“, – ამბობს ის.


გუშინ გამოცემა უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მიერ რუსული პროდუქტის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება. მათივე თქმით, ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.