უკრაინული დაზვერვა: მოსკოვს თბილისთან რუსული პროდუქციის რეექსპორტზე მოლაპარაკება აქვს

პუბლიკა

„უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან  რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტირებაზე მოლაპარაკებობს აწარმოებს“,- ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN წერს.

გამოცემა უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსეთის მიერ რუსული პროდუქტის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება. მათივე თქმით, ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

UNIAN-ის ცნობით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას, რის გამოც სომხეთი რუსული კომპანიების ბიზნესს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. მათი თქმით, ეს ეხება IT სექტორს.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დაახლოებით 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია სომხეთში ჩავიდა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის წამყვანი რუსული მწარმოებელი – „ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა“ ყაზახეთს გერმანული ნაწილების მისაღებად იყენებს.

UNIAN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია ყველა ის განცხადება, რაც საქართველოს მთავრობის წევრებს სანქციებთან დაკავშირებით გაუკეთებიათ.