„წარმოადგინოს იმ უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა“ – კობახიძე ISFED-ზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ორგანიზაციის თავმჯდომარის, ელენე ნიჟარაძის საჯარო განცხადებიდან გამოჩნდა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოდან იცოდა, რომ დათვლის შედეგებში უზუსტობა იყო, თუმცა აქამდე არ ჩაასწორა. კობახიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის ამ ქმედებამ, მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ვითარების კრიზისში შეყვანის საბაბი მისცა.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში (PVT).

გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ იფრო სკანდალური განცხადება, იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა;

მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ დროის მანძილზე ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც , დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ ეჭვები ჰქონდა PVT-ს ხარვეზებთან დაკავშირებით და ამას შიდა შეხვედრებზე ამბობდნენ, თუმცა პარტია, კობახიძის თქმით, შეეცადა, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის რეპუტაციული ზიანი აერიდებინა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ეს ხარვეზი „გახდა რადიკალური ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი“, „ოცნება“ მაქსიმალურად „რბილი“ განცხადებით გამოეხმაურა ამ ინფორმაციას.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჯაროდ შეგნებულად არ გამოთქვეს ვარაუდი PVT-ის მანიპულაციის შესახებ, თუმცა, მისი თქმით, ISFED-ის თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძემ მმართველი გუნდის, კობახიძის შეფასებით, თავაზიან მიდგომას არასათანადო პასუხი დაუპირისპირა.

„რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა 2 ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი;

1. განცხადებაში აღინიშნა, რომ თითქოს შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატის განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“  ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა;

2. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს, კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში ნათქვამი შემდეგი მცდარი შეფასება: გამოკვეთილი ტენდენციის სახე ქონდა შემაჯამებელ ოქმებში „დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს; ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს; მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“, – ეს არის მათი ციტატა;

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები.

ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3 847 უბნიდან მხოლოდ 19 უბანზე; ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი;

გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების  მონაცემების ანალიზი და დავადგინეთ რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა.

PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმად, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა. მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზების გასწორება.

17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს,  მოეცა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-თან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით;

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, მათი მკტიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის თქმით, ამ მონაცემების გადამოწმებას და გამოქვეყნებას ერთი დღე სჭირდება. კობახიძე იმედს გამოთქვამს, ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ორგანიზაცია კიდევ 3-4 კვირას არ მოანდომებს. მან მიმართა ორგანიზაციის დონორებს, დაინტერესდნენ „უხეშად მცდარი“ ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით.