„წარმოიდგინეთ, რომ გითხრან, წადი საკუთარი სახლიდან" | თემქაზე მოხუცთა პანსიონატი იხურება

პუბლიკა

„წარმოიდგინეთ, რომ მოვიდნენ თქვენთან სახლში და გითხრან, წადი აქედან. ამ სიტუაციაში ვართ“, – თემქაზე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი იხურება.

82 წლის დონატა პანჩენკო უკვე 23 წელია, პანსიონატში ცხოვრობს. ცვლილებებს შიშით და ნერვიულობით ხვდება. ამბობს, რომ თემქაზე თავს კარგად გრძნობს და მიაჩნია, რომ უკეთეს პირობებს ვერ შესთავაზებენ. მისივე გადმოცემით, ამ სიახლემ პანსიონატში მცხოვრები სხვა მოხუცებიც ააღელვა. ისინი უარს აცხადებენ გადასვლაზე და ორგანიზებულად არ აწერენ ხელს თანხმობის წერილს.

„მოხუცები ვნერვიულობთ ამაზე. ყველანი ძალიან ცუდ დღეში ვართ. ისედაც მოხუცები ვართ, ავადმყოფები… და კიდევ ეს ნერვიულობა გვინდა?!

ჯერ გვეუბნებოდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ „არა, ნუ გეშინიათ, არაფერიც არ იქნება”,  ერთ დღეს ერთს ამბობდნენ, მეორე დღეს მოვიდნენ და ყველაფერი პირიქით თქვეს, რომ ეს უკვე გაყიდულია, სხვა პატრონი ჰყავს. მესამე სართული დახურეს საერთოდ და შემოიტანეს ტონობით მაკულატურა”, – ამბობს დონატა პანჩენკო „პუბლიკასთან” საუბრისას.

როგორც ის იხსენებს, დირექციამ თავდაპირველად რუსთავში, ახალ აშენებულ შენობაში შესთავაზა გადასვლა, თუმცა, მისივე თქმით, ოთახში ორ ადამიანს ერთად მოუწევდა ცხოვრება, რაც პირადად მისთვის მიუღებელია.

„წარმოიდგინეთ, მე აქ, აი, ამ ოთახში 23 წელია, ვცხოვრობ. ყველა ცალკე ვართ, როგორც 1-ოთახიან ბინაში, ყველა თავისი სველი წერტილით. ეს ყველაფერი უნდა დავტოვოთ და წავიდეთ სადღაც და იქ ვიყოთ ერთად ოთახში?!

მე მწოლიარე ვარ, კიდევ ვიღაც მწოლიარე იქნება, ალბათ, ჩემთან და ბოდიშს გიხდით და, „სუდნოს“ გამოყენება რომ დაგვჭირდება, მეორემ უნდა გიყუროს, უნდა შეაწუხო ადამიანი და მერე, პირიქით, შენც შეწუხდე.

რა თქმა უნდა, ყველამ უმალ უარი ვთქვით ამ შეთავაზებაზე. 19-მა ადამიანმა არ მოვაწერეთ ხელი”, – ამბობს დონატა.

როგორც ის გვიყვება, ამის შემდეგ შესთავაზეს, რომ თბილისში სხვადასხვა ადგილას გადაანაწილებდნენ, თუმცა ამაზეც უარს ამბობენ. როგორც მას აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში ოთხმა თუ ხუთმა ბენეფიციარმა თანხმობა განაცხადა, „შეჰპირდნენ, კარგ ოთახს მოგცემთ და ყველანაირად კარგად იქნებითო”, დანარჩენები კი კვლავ უარზე არიან.

„ჩვენ ვნერვიულობთ იმიტომ, რომ აქედან გასვლა არ გვინდა. დაგვანებონ თავი და ნუ გვატყუებენ, რომ შენობა ინგრევა, არ ინგრევა… ეს მიკროკლიმატი დავტოვოთ ამ მაკულატურისთვის და ჩვენ აქედან წავიდეთ?!”, – ამბობს ის.

დონატა გვიყვება იმასაც, რომ პანსიონატის პერსონალის უმეტესობა უკვე დათხოვილია და მათ ახლა მხოლოდ სანიტრები უვლიან.

„გაუშვეს ხალხი, დაგვტოვეს მარტო სანიტრების ხელში. საჭმელსაც სანიტრები გვიკეთებენ. ექიმი აღარ გვყავს, აღარც მზარეულები არიან. მე მწოლიარე ვარ, სანიტარმა ხომ უნდა მომიაროს, ესენი კი დგანან და სამზარეულოში საჭმელს აკეთებენ. რამდენიმე მოხუცებული პროტესტის ნიშნად არ ვჭამთ მაგათ გაკეთებულ საჭმელს. მე ამ საჭმელს არ და ვერ შევჭამ. თუ საჭირო იქნება, საერთოდ გამოვაცხადებთ შიმშილობას”, – ამბობს ის.

რა პასუხი აქვთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში

როგორც „პუბლიკას” სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფო პოლიტიკაა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა და მცირე ზომის სათემო სერვისების განვითარება, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრებასა და ინდივიდუალური მიდგომით ზრუნვას.

მათივე თქმით, ვინაიდან „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი“ წარმოადგენდა დიდი ზომის დაწესებულებას, 2012 წელს მორატორიუმი გამოცხადდა. შესაბამისად, იმ პერიოდიდან დღემდე პანსიონატში ახალი ბენეფიციარი აღარ ჩაურიცხავთ.

„სახელმწიფო სერვისის მიღმა არც ერთი ბენეფიციარი არ დარჩება. მათ შესთავაზებენ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს და შესაძლებლობის ფარგლებში, თავიანთი სურვილების გათვალისწინებით უწყვეტ რეჟიმში გაუგრძელდებათ მომსახურება.

დახურვის პროცესებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბენეფიციარებთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, ზაფხულიდან მოყოლებული კი მათი ჩართულობით მიმდინარეობს და გრძელდება აღნიშნული პროცესები“, – ნათქვამია სააგენტოს წერილობით პასუხში.

დღეისათვის „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ ირიცხება 19 ბენეფიციარი.