წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნით, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილებას 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება - ქარსელაძე

პუბლიკა

„2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ 3 საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება – აღნიშნული გზა გამოწვევებით სავსე იყო, მიუხედავად ამისა, ჯამში, 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.“

მინისტრის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე ქართული კომპანიები მუშაობენ, ხოლო მესამე მონაკვეთის ასაშენებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის, 14 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს – დარჩენილი 3 კმ-ის დასრულება არის დაგეგმილი.