სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების გეგმასთან დაკავშირებით მედიასთან დამატებითი განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ.
თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებთან მიდგომა იქნება დიფერენცირებული და არ იგეგმება სტრატეგიული კომპანიების გასხვისება. მისივე თქმით, ისეთი საწარმო გასხვისდება, რომელიც უფრო ეფექტიანად იქნება მართული კერძო მენეჯმენტის მიერ, რადგან „კერძო მენეჯერი არის ყველაზე მოტივირებული და ეფექტური“.
თურნავას თქმით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მობილიზებულმა თანხამ, პანდემიის მიუხედავად, 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.
„სახელმწიფო საწარმოებთან მიდგომა იქნება დიფერენცირებული. სტრატეგიული კომპანიების გასხვისება არ იგეგმება. რაც შეეხება ისეთი კომპანიების გასხვისებას, რომლებიც უფრო ეფექტიანად იქნება მართული და ფუნქციონირებადი კერძო მენეჯმენტის ქვეშ, იმიტომ რომ კერძო მენეჯერი არის ყველაზე მოტივირებული და ეფექტური, ამ შემთხვევაში ეს პრივატიზება მოხდება.
წლევანდელ წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მობილიზებულმა თანხამ, პანდემიის მიუხედავად, გადააჭარბა 2019 წლელს მობილიზებულ თანხას. ამაში თავისი წვლილი შეიტანა ჩვენმა ახალმა ინიციატივამ 100 საპრივატიზებო ობიექტი, 100 შეთავაზება ბიზნესს ანუ პარალელური 100 აუქციონი, რაც სულ იმართებოდა. მომავალში ჩვენ კონკრეტკას მოგახსენებთ“, – განაცხადა თურნავამ.