ბალანსზეა უამრავი საწარმო, რომლის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვებს იწვევს. ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არ გვაქვს - გახარია

პუბლიკა

„იქ, სადაც შევძლებთ ამ სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მათი ეფექტიანობის გაზრდას, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, არ შევცვალოთ მათი სახელმწიფო საკუთრების ფორმა, მაგრამ იქ, სადაც ეს იწვევს პრობლემებს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კერძო საკუთრება ყველაზე ეფექტიანი მმართველობითი ფორმაა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

ეკონომიკური განვითარების ნაწილში გათვალისწინებულ მიდგომას არაეფექტიანი სახელმწიფო საწარმოების მიმართ გახარია კიდევ ერთხელ განმარტავს:

„მე გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა და არა მათი გასხვისება. ჩვენ დღეს ეკონომიკის სამინისტროს და სხვა უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი საწარმო, რომლის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს და მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, მაშინ როდესაც ნებისმიერი სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს პირველ რიგში სამართლიანად და ეფექტიანად გადანაწილებული, ჩვენ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არ გვაქვს.

იქ, სადაც შევძლებთ ამ სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მათი ეფექტიანობის გაზრდას, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მათი სახელმწიფო საკუთრების ფორმის არშეცვლა, მაგრამ იქ სადაც ეს იწვევს პრობლემებს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კერძო საკუთრება ყველაზე ეფექტიანი მმართველობითი ფორმაა; იქ, სადაც არ არის საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.