წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.

„მინდა გაცნობით, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლება. ასევე, შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოწყობა სანიაღვრე ქსელი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მართალია გამზირის გადაკეტვა გამოიწვევს დიდ დისკომფორტს გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა შეუძლებელია ამ მასშტაბის სამუშოების ჩატარება გამზირის გადაკეტვის გარეშე. მისივე განმარტებით, მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების გარეშე გაფლანგული თანხა იქნება მხოლოდ გზის საფარის შეცვლისთვის სამუშაოების ჩატარება.

კალაძემ ასევე, ისაუბრა ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.

„აკაკი წერეთლის გამზირის განახლების პარალელურად, ვიწყებთ შოთა შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციასაც. აღნიშნული ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, რეაბილიტირდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები. გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

ყველა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელების პროცესი გარკვეულ დისკომფორტს ქმნის გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ ამასთან, ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისის ქუჩები და გამზირები იყოს თანამედროვე, ევროპული და განახლებული. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება თანადგომა, მხარდაჭერა. იქნება დისკომფორტი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად უნდა გადავიტანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.