WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი ამბობს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა 78.1%-ით ეფექტიანია

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი (SAGE) „სინოფარმის“ შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიმართ.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში წარმოებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას – მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის – 91%.

SAGE ამბობს, რომ ვაქცინის უსაფრთხოების კვლევაში 16 671 ადამიანი მონაწილეობდა.

მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვლევის შედეგად:

  • არ გამოვლენილა საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები;
  • არ ყოფილა ანაფილაქსიის არც ერთი შემთხვევა;
  • ძირითადი გვერდითი მოვლენები იყო ინექციის გაკეთების ადგილას ტკივილი, თავის ტკივილი და დაღლილობა;
  • კვლევის მესამე ფაზაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც პლაცებო ჰქონდა მიღებული.
  • კვლევის მესამე ფაზაზე ერთ ადამიანს გამოუვლინდა თრომბი;
  • გულისრევის 1 და მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის 1 შემთხვევა შეფასებულია, რომ შეიძლება, დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას „სინოფარმის“ ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის ჯერაც არ მიუღია. „სინოფარმით“ აცრა საქართველოში 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ.