წიგნი „ლუციფერის მხილება“ დეპუტატებისთვის და პარლამენტის განმარტება

პუბლიკა

დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ წევრებმა, ირაკლი კუპრაძემ და ლანა გალდავამ განაცხადეს, რომ პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს დაურიგა ანტიდასავლელი ავტორის,  ალექსანდრე ქოჩიაშვილის, იგივე ალქოჩარის წიგნი „ლუციფერის მხილება“.

პარტიის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ წიგნში საუბარია ამერიკაზე, როგორც ლუციფერზე, ასევე ებრაელების შეთქმულებებსა და მსოფლიო გადატრიალებაზე.

„გუშინ, როცა პარლამენტს გარეთ, უკვე მესამედ, ეგზალტირებული და დანაშაულებრივი ჯგუფი წვავდა ევროკავშირის დროშას, პარლამენტში სიით დარიგდა ეს წიგნი. მეც მერგო“, – დაწერა „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ.

საქართველოს პარლამენტმა განცხადება გაავრცელა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.

პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.

საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების  გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – ამბობენ პარლამენტში.