წიკლაური: დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ პარტიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით უკან გადადგა ნაბიჯი.

მისი თქმით, შიდაპარტიული არჩევნების შედეგი ნიშნავს იმას, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე.

„არ ვეთანხმები ახალი მენეჯმენტის მმართველობის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და ოპონირებას

გავუწევ ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ პროცესში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიმართ,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან.

ნუგზარ წიკლაურმა თავისი მოსაზრება სოციალური ქსელითაც გაავრცელა.

„უპირველესად, დიდი მადლობა და პატივისცემა ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს გამოხატული პოზიციის გამო. დემოკრატიული ტრადიცია, რასაც ჩვენი პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს, არის ფასდაუდებელი ყოველი ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

ამავე დროს, მიმაჩნია და ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე, რაც არის ზიანის მომტანი საერთო საქმისთვის.

პოლიტიკური მიზნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება.

ცხადია, არსად წასვლას არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობიდან, რადგან ეს პარტია მიმაჩნია ქართულ ეროვნულ მოძრაობად, რომლის ნაწილად ვთვლიდი თავს ბავშვობიდან დღემდე“, – წერს ნუგზარ წიკლაური.


პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.