დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც სამშვიდობოს გაიყვანს ქვეყანას, როგორც ეს მიშამ გააკეთა 2003-ში - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და განაცხადა, რომ დღიედან იწყებს ბრძოლას „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად.

„ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ არის არა რიგითი პარტია, არამედ ერთობა დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც საფუძვლად ედო ნაციონალური მოძრაობის დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არაა. ენმ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დასავლური ღირებულებების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის პირდაპირი გამოვლინებაა.

ჩვენ არ ვაპირებთ, ცხადია, ზეიმს. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს.

ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არ დავიღლებით არასდროს. დღეიდან ვიწყებთ რთულ მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. ენმ დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთვის, იმ ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში.

ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებების დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მან.