წილოსანის თქმით, სასამართლომ ლევან ღამბაშიძის წინააღმდეგ სარჩელი დაუკმაყოფილა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, სასამართლომ ლევან ღამბაშიძის წინააღმდეგ სარჩელი დაუკმაყოფილა.

ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეს მის მიმართ ცრუ ბრალდებების საბაბით უჩიოდა და მისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და 10 000 ლარს მოითხოვდა.

საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს ლევან ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ის წერს, რომ „წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი მოიპარა“.

ამ პოსტს ნინო წილოსანმა უპასუხა და დაწერა, რომ თუ ღამბაშიძე „ცრუ ბრალდებას საჯაროდ არ უარყოფს“, სასამართლოში შეხვდებოდნენ“.

დღეს, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ წილოსანის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„ამით კიდევ ერთხელ განმტკიცდა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება.

რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები, ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ მისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს“, – დაწერა წილოსანმა.

ნინო წილოსანის ამ განცხადებას გამოეხმაურა ლევან ღამბაშიძე.

მისი თქმით, სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, ეს არის ის, რომ სასამართლო „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

„ერთი ნინო დათაშვილია კრიმინალი, ანდრო ჭიჭინაძე ბანდის წევრი, მზია ამაღლობელი უცხოეთის აგენტი და მე ცილისმწამებელი. რა თქმა უნდა, არ ვცნობ თავს დამნაშავედ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ ყველგან, სადაც საჭიროა.

იმედი განმიმტკიცდაო. დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება რომ უპასუხოდ არ დარჩება ამ ქვეყანაში, ეგ იმ ხალხს უმტკიცეთ, უცხოეთის აგენტებსა და დახელფასებულებს რომ უძახის თქვენი რეჟიმის ყველა წევრი ყოველდღე.

კეთილშობილურ მიზნებსა და მორალურ ქმედებებს რაც შეეხება, გთხოვთ ამიხსენით, ძალაუფლების მქონე მილიონერი რომ მასწავლებელს ართმევს ფულს და კეთილ საქმეს მოახმარს, ეგ რანაირად არის მორალური ქმედება? ეგ სწორი იქნებოდა ბავშვობაში „იდუჰ ნიბორი“ რომ წაგვეკითხა. მე კი მჯერა რომ საქართველოში მორალის უფრო სხვა, სწორი გაგებაა გავრცელებული.

და ყველაზე მეტად თანხა ვისაც სჭირდება, მათზე პირადად ჩემგან ამოღებული ფულით კი არ უნდა იზრუნოთ, თქვენივე მტკიცებით თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეგ და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გაქვთ ამისთვის ჩაბარებული. თუმცა აგერ თქვენივე პროკურატორას თუ დავუჯერებთ, კარგად ვხედავთ, როგორაც ეპყრობა რეჟიმზე მომუშავე მსხვილ და წვრილფეხობა ქვეყნის ბიუჯეტს.

მეტს აღარაფერს ვიტყვი. ხალხი წლობითაა ციხეში გამოკეტილი და ეს შემთხვევა ორი საათითაც არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას“, – დაწერა ღამბაშიძემ.


2024 წელს 65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

საუბარია საქმეზე, რომელიც 2013 წელს აღიძრა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წელი დასჭირდა.

მაშინ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს:

  • შპს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია;
  • სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე აბელ გიორგობიანი;
  • გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი;
  • შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი;
  • გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა;
  • დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე
  • ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას მიმართ;

„გამოძიებით დადგინდა რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს 65 მილიონი ლარის ზიანი“, – წერდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი 2023 წელს გამოიტანა. პროკურატურამ კი ის შემდგომ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციომ უცვლელი დატოვა.