ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის წყლით სისტემური მომარაგების საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
„დახარჯულია მრავალი მილიონი ლარი, თუმცა მოსახლეობა კვლავ აწყდება ყოფით პრობლემებს. იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არსებობს 24/7 წყალმომარაგება, მოსახლეობა აგროვებს, ინახავს წყალს. რეგიონებს შორის დიდი სხვაობაა – ბევრ ქალაქსა და სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება შეზღუდულად, განრიგის მიხედვით.
აღნიშნული გარემოება, უმრავლეს შემთხვევაში, გამოწვეულია მწყობრიდან გამოსული და მოძველებული ქსელით და, შესაბამისად, ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წყალმომარაგების სექტორში, ” – ნათქვამია ანგარიშში.
დედაქალაქში მოქმედი ლიცენზიატი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული წყლის წყვეტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო წყალმომარაგების ქსელებზე მიმდინარე საავარიო/აღდგენითი და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები.
ანაგრიშის მიხედვით, კომპანია უყურადღებოდ არ ტოვებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებს, თუმცა პრაქტიკული საქმეების შესწავლამ ცხადყო, რომ ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების დიდი ნაწილი ატარებს ერთჯერად ხასიათს, ანუ, პრობლემა გვარდება იმ მომენტისთვის და შესაძლებელია, გამეორდეს
ანაგრიშის მიხედვით, ენერგოომბუდსმენისთვის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საანგარიშო წლის განმავლობაში კომპანიის შესაბამის სამსახურებში დაფიქსირდა 2 4891 შეტყობინება თბილისში წყალარინების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული რიცხვი ნათლად ასახავს, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქის მოსახლეობა. ზემოხსენებული სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, დღეში საშუალოდ 68 შეტყობინება დაფიქსირდა. წყალარინების გაუმართაობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაუყოვნებლივ, სწრაფ რეაგირებას.
თუ რამდენად უმკლავდება კომპანია თავისი რესურსებით (წარმოდგენილი ინფორმაციით, 15 ბრიგადა, სამუშაოს სხვადასხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელთა შემადგენლობაში შედის 188 თანამშრომელი) პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, შეგვიძლია დავასკვნათ მომხმარებლების კმაყოფილების შეფასებით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მაღალია, “- ნათქვამია ანაგარიშში.